„დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები", - ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრა მშვიდი და საქმიანი იყო.
„ეს იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიან პირობებზე შევთანხმდებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როდესაც რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი.
მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, რომელიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობს, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, თუ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ამომრჩეველთა ინტერესები იქნება დაცული, გადავდგამთ ნაბიჯებს შეთანხმებისკენ. ვფიქრობ, რომ ასეთია ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი.
ცდროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. როგორც მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომელიც არსებობს, და გადავერთოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საკითხებიდან, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში.
„ჩვენ მიგაჩნია, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში.
დეტალებზე არ ვისაუბრებთ. არა იმიტომ, რომ არ გვაქვს პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, წინასაწრი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.