ევროკავშირის ელჩი: რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას

28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, დღეს, 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.


„ვფიქრობ, დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. პირადად ჩემთვის, ეს არის ნამდვილად გულსატკენია.


მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე.“


ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია,“ - აღნიშნა ელჩმა.


ელჩის თქმით, ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს. ჰერჩინსკის თქმით, საქართველო მივიდა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.


„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა, თუმცა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი პოლიტიკის გატარება სურს, რომელ ოჯახთან შეერთება სურს. 


ჩვენი მხრიდან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც ეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ყველა ქვეყანას, ვისაც სურს, ევროკავშირის ოჯახს შეუერთდეს. ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს.


სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, მას შედეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ბევრი რამ მოხდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებდა, არამედ, პირიქით. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რა უნდა გაკეთდეს. 9 ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო საგზაო რუკა საქართველოსთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად.


გასული წლის განმავლობაში, არ მოხდა საკმარისი პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, პირიქით, ამ 9 ნაბიჯიდან ბევრთან დაკავშირებით უკუსვლა გვქონდა. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს.


ამასთან, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, ბევრი შეთქმულების თეორია, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებისგან.


ყველაფერმა ამან სამწუხაროდ, მიგვიყვანა წერტილამდე, სადაც ევროკავშირმა შეაჩერააქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.


პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


მას ჰკითხეს ევროკავშირისგან მოსალოდნელ საპასუხო ზომებზე. კერძოდ, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.


„საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო,“ - აღნიშნა ელჩმა


ელჩის შეფასებით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყნის ხილვა. ევროკავშირს ესმის, თუ რატომ ბრაზობს ქართველი ხალხი რომლის უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.


უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, არის ის, რომ ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა, გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს. ეს აქამდე საქართველოს ყველა მთავრობის გაცხადებული სურვილი იყო, მათ შორის, წინა მთავრობის.


მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, შოკში ჩააგდო. მესმის, რომ საპროტესტო აქციები არ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ.


ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არამხოლოდ თბილისში, არამედ, ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა, ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელუია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი,“ - აღნიშნა ელჩმა.


რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს პრეზიდენტ ზურაბიშვილის თხოვნის შემდეგ, რომ ის დაეხმაროს ქართველ ხალხს, ამ შეკითხვას ელჩი პასუხობს, რომ „ევროკავშირი აქ არის.“

„ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე.“


„ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ, ის იყოს,“ - აღნიშნა ელჩმა.