პრეზიდენტი: დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია

28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე, რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. 


ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მანამდე პრეზიდენტმა ელჩებთან გამართა საგანგებო შეხვედრა.

„მათ მივმართე და ვთხოვე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო მისაღები,“ აღნიშნა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ აღარაფერია დასამტკიცებელი, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაამტკიცა თავისი ქმედებებით.“ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებს. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.


დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის რისთვისაც ვიბრძვით,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.


  • სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას და საჯარო მოხელეებს მიმართავს.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღო. დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა პირობები არის, როგორიც არის, თითქოს, მზარდი ეკონომიკაა, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა ელჩებსაც მიმართა.

„მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


  • რაც შეეხება ოპოზიციას, რომლის წამრომადგენლებსაც დიპკორპუსთან მოლაპარაკებების შემდეგ შეხვდა პრეზიდენტი, ზურაბიშვილის თქმით, ახლა დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„მე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ქუჩის აქციებში, ხალხი გამოდის სპონტანურად.

მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ „მე ჩემი აზრი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს“ - ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით.

ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები.

ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ჯარს და პოლიციას.
 
მინდა, მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება - თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები, ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი!

მინდა, მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არც შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომელსაც ჩვენ ძლივძლივობით დავაღწიეთ თავი, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში არის გამოფენილი ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი. ეს იქნება აქ და ვერავინ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას!

მოგმართავთ ყველას, ვინც ტელევიზორთან ხართ, ვინც გამოსული ხართ - არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არშეგუება, არდანებება და წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე ისევე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.


17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.

მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა, შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა შეაჩერა, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა.

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.