ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული პირები, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს დაესხნენ თავს. ხალხის ნაწილმა ბანკიდან გამოსვლა მოახერხა, ნაწილი კი ამ დრომდე, შეიარაღებულ პირებთან ერთან, ბანკში რჩება.
ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
შს სამინისტრო მედიას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და არ გადასცენ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში.
"ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა, კრიმინალის ზრდას არ ნიშნავს.
“მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს, საერთოდ კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.
მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას – რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ ”, – განაცხადა მან.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მზადყოფნას გამოთქვამს, მძევლები ჩაანაცვლოს.
“თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]”, - აღნიშნა მან.