გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.
„მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია, გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.
სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას", - ნათქვამია განცხადებაში.