შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რუსთაველზე საპროტესტო აქცია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა.

უწყება ავრცელებს ცნობას, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები.


შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი.


კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები.

ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ.


კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.