საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ინაუგურაცია ვერ იქნება და მისი მანდატი გრძელდება, რადგან „არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტს ვერ აირჩევს.“
„იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს! ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები.
მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.