ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში. დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა. ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას,“ - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში და განმარტებულია, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან ბაიდენის შვილი "შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.“
”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას,” - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
შეწყალების დოკუმენტით, ეს არის „სრული და უპირობო შეწყალება“, რომლის გაუქმებასაც არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს.
დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველ ვადაში დელავერის შტატის პროკურორად დანიშნულმა დევიდ ვაისმა ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წელს დაიწყო და 2023 წელს ორი ბრალდება წაუყენა. გამოძიების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ჰანტერ ბაიდენმა დამალა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარს. გარდა ამისა, მან თავი აარიდა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადების გადახდას.
2024 წლის ივნისში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოდ შეძენაში, ხოლო სექტემბერში თავად აღიარა გადასახადებისთვის თავის არიდება. სექტემბერში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ შვილის შეწყალებას არ აპირებდა.
შეწყალებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შემდეგ ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნარკოდამოკიდებულების პერიოდში მის მიერ ჩადენილი შეცდომები პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს ბაიდენების ოჯახის საჯაროდ დასამცირებლად. ჰანტერ ბაიდენის თანახმად, ცხოვრებას მიუძღვნის იმათ დახმარებას, ვინც დღესაც ავადაა და იტანჯება.
ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვრიდან ეწურება. ამ დღეს ვაშინგტონში გაიმართება რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.