ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.
"ბევრს ვმუშაობთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ. ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თავად პარტიები უნდა წავიდნენ ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ დახმარებას ვცდილობთ",- განაცხადა შარლ მიშელის წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტისას შედგა.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს გუშინ ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.