შსს აცხადებს, რომ აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქების მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად, ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.


უწყებიაში აცხადებენ, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის „მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა.“ დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს.


პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

შს მინისტრის მოადგილე დღეს აცხადებდა, რომ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსით - 5.

საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, არამედ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.


28-29-30 ნოემბრის აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ადვოკატების განცხადებით, მათი უმრავლესობა ნაცემია. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.