მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი კობახიძესთან და პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ

“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებში თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას არ მიიღებენ.


დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.


პრემიერის შეფასებით,  „საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.“

„მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და მათ ეშინიათ დისკუსიის,“ ამბობს კობახიძე.

„კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი, შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად,“ - წერს თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძე Facebook-ზე.


2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო.“


„ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან.


კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ უკვე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, დებატების ფორმატში, მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს.