მეუფე შიო: „ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე, სამართალდამცველთა შორის“

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის. მეუფე შიოს თქმით, სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ქვეყანაში ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში საქართველოს მშვიდობისთვის პარაკლისები ჩატარდეს.


ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს საპროტესტო აქციებს ჩვენს დედაქალაქში. როგორც ვხედავთ, ვითარება ძალიან დაძაბულია. ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე, სამართალდამცველთა შორის.


სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი, ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.


მასთან დაკავშირებით მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.


სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის,“ განაცხადა მეუფე შიომ.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.


თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. 


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს.