საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს, თუმცა ამბობს, რომ მას ვერ უკავშირდებიან. ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია, ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას,“ - წერს ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.
სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით კი, სალომე ზურაბიშვილი „სასწრაფოდ მოუწოდებს“ პარტნიორებს, „დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე.
„რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ,“ - წერს პრეზიდენტი.
ამავე პლატფორმაზე კიდევ ერთ პოსტში კი, პრეზიდენტის შეფასებით, #საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას #რეპრესიები საქართველოში.
„რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას "პრევენციას“ უწოდებს,“ - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ნაწილში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.