ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში. შსს-ს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. დღეს ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ, შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.