სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) როლისა და მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეფასებაში მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანამ მიაღწია წერტილს, საიდანაც უკვე შეუძლებელია შემობრუნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ერევნის დაბრუნება ОДКБ-ში.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სომხეთმა გაყინა ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და უარი განაცხადა რაიმე დოკუმენტების განხილვაზე ან დაბლოკვაზე.
„ჩვენ თავს უკვე ОДКБ-ს მიღმა მოვიაზრებთ. მათ გადაწყვიტონ, რაც სურთ. ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვაცხადებთ, რომ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება. და ამას ვამბობ ჩვენი კოლეგების მიმართ სრული პატივისცემით,“ აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის დროს.
ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა.