შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას. ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა."
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.
ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“
-
„ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი