სახალხო დამცველი: გუშინ, მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით - ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.


„გუშინ, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები.


მან ასევე ისაუბრა, სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია სკოლების პოლიტიზება, ისევე როგორც მესამე პირის სასწავლო პროცესში ჩარევა.


„და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო, სკოლებში მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, გარანტირებულია როგორც შეკრების, ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამავე დროს, აკრძალულია სკოლების პოლიტიზება, ისე როგორც მესამე პირების სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია, მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებულად ვაკვირდები. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას გავუზიარებ,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.


ცნობისთვის, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ზემოთ აღნოშნული არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი.


ამ განცხადების შემდეგ, „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება:

„პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“

მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.