სიცრუეა, თითქოს თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები უწყების რიგებს ტოვებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


„ამასთანავე, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.“


რაც შეეხება, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სამსახური დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, უწყებაში აცხადებენ, რომ მან პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.