ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს.
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, ის და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრნენ.
„როგორც ვიცით იქ (საქართველოში) სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია, ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ, მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) აღნიშნა, რომ „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს.“
„ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელება ყველაზე ეფექტიანი გზებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ, თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი,“ - განაცხადა ჯიმ რიშმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა მიუღებელია უწოდა იმას, „რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს.“
ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია.“
„ჩემი აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად შეიძლება, „მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს,“ - განაცხადა ბენ კარდინმა.