ამირან გამყრელიძე: ყველა აცრილ ადამიანს ორენოვანი ცნობა გადაეცემა

"ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ეს იქნება ორენოვანი დოკუმენტი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს.

„ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანით დაკომპლექტდება. ამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, „კოვაქსიდან “ გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Astra zenekas 129 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოიტანეს.