ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია: საქართველოსთვის სავალდებულოა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც მოჰყვა „მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.“


ბიურო გმობს „მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ მოპყრობას“ და ხაზს უსვამს „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტიანი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას.


ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გზით.


„ევროპის საბჭოს წევრი საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ეს ვალდებულება სავალდებულოა საქართველოსთვის, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად,“ წერია დეკლარაციაში.


ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.