ჩინეთში გამართული 90-წუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების სახელმწიფოების ლიდერებმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. მისი მიხედვით, სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს.
- პუტინმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, მოლაპარაკებებს დიპლომატიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა და თქვა, რომ სამივე ქვეყანამ რამდენიმე საკვანძო საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწია. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ კიევი და ევროპა ჯერ არ არიან მზად კონფლიქტის მოგვარების მიზნით კომპრომისებზე წასასვლელად.
ყირიმის ხიდზე საუბრისას, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინული დარტყმების სამიზნე გახდა, პუტინმა მას „სუფთა წყლის სამოქალაქო ობიექტი“ უწოდა და „ბევრად უფრო მტკივნეული“ საპასუხო ზომებით დაიმუქრა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპელ ლიდერებს მოსკოვში მიწვევა გაუგზავნა, რათა გაირკვეს, თუ რას „მოიტანენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან“.
რაც შეეხება დღევანდელი სამმხრივი შეხვედრის შედარებას 1945 წლის იალტის კონფერენციასთან, პუტინმა იკითხა: „რა იყო ცუდი იალტაში? რა იყო მასში ასეთი ცუდი?“
BBC-ის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეხვედრა მხოლოდ ფოტოების გადაღების შესაძლებლობა, პუტინმა უპასუხა, რომ ეს სერიოზული წამოწყება და სასარგებლო ფორმატია, თუმცა დასძინა, რომ რაიმე ზედმეტად ამბიციური მიზნები არ დასახულა. - სი ძინპინმა შეხვედრა დადებითად შეაფასა. CCTV-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინსა და ტრამპთან გამართული შეხვედრას „პოზიტიური, კონსტრუქციული და მეტად ნაყოფიერი“უწოდა. სი ძინპინის თქმით, „ვიდრე დიალოგი გრძელდება და კარი ღია რჩება, მშვიდობის იმედიც არსებობს.“
- ტრამპს შეხვედრის დასრულების შემდეგ ცალკე განცხადება არ გაუკეთებია. ის აშშ-ში გაემგზავრა.
„გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა - რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მა - დაადასტურეს გაეროს რეფორმირებისადმი ერთგულება, რათა ორგანიზაციამ უფრო ეფექტიანად შეძლოს გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება და შეესაბამებოდეს თავის უმთავრეს მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
სამი სახელმწიფო გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობა.
სამი სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები.
სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს,” - აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ჩინეთს მადლობა გადაუხადეს ამ ისტორიული სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 19 ნოემბერს შენჟენში შეხვედრა გამართეს. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ვითარების აქტუალურ საკითხებზე და დაადასტურეს სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი ერთგულება.
თეთრი სახლის ცნობით, ჩინეთი, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ „გაეროს რეფორმირებაზე“, რათა გლობალურ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება მოხდეს;
ქვეყნები „გეგმავენ ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას“;
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა „არ უნდა გამოიყენონ ბოროტად თავიანთი იურისდიქცია“;
სამი ქვეყანა „აწარმოებს დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა“ და ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
სამიტის დასრულების შემდეგ კრემლმა გაავრცელა „მშვიდობის შესახებ" ლიდერების დეკლარაციის რუსული ტექსტი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო სააგენტომ Xinhua - ინგლისური.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ეს თემა განიხილებოდა, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი უკრაინის ომზე.