თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნების” წევრს ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მისივე თქმით, „ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს, ამიტომ არსებობს საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული.“
პროკურორის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.
რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.
ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგაა არ გაუწევია.
ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია.
„ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას,” - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ და “თუ რაიმე დანაშაული არის, არის მხოლოდ მეორე მხრიდან”.
ადვოკატის თქმით, ელისაშვილის მიმართ ალი ბაბევის მხრიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა.
აქედან გამომდინარე, როგორც ელისაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ დგას, რის გამოც სასამართლოს ალტერნატივის სახით სასამართლოს 3 000 გირაო შესთავაზა, თუმცა მოსარჩლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.