პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა

ახალი თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება.


„ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი,“ განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.


ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება.

მსახიობის დაკავებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

„თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს,“ - წერს წულუკიძე Facebook-ის „სთორიში“ და აქვეყნებს ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს.


„პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან  ჩვენი თეატრის მსახიობებიც.

სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს! ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას. ძალა ერთობაშია!” – წერს თავის მხრივ, ახალი თეატრი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.