აქციების ფარგლებში დაკავებულ 18 წლის სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.


მოსამართლის თქმით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

მოსამართლე მგელიაშვილის განცხადებით, „წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია.“


ადვოკატმა საბა ჯიქიას მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

მოკლე რეპლიკით ისარგებლა ბრალდებულმაც.


„რაც ჩავიდინე, მართლა ცუდია, ვნანობ. ორი პატარა და მყავს,“- განაცხადა ჯიქიამ.

ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.