საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის.
„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა,“ იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„გმადლობთ, პრეზიდენტო ზელენსკი ქართველი ხალხისადმი თქვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერები დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებენ“ - სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ წერს თავის მხრივ, ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა. პარიზში ჩავიდა დღეს ზელენსკიც. ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე პარიზში ჩავიდა ნოტრ-დამის გახსნაზე, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუმცა მხარეებს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დღეს 40-მდე ქვეყნის ლიდერი დაესწრება.