საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში მიმდინარე პროცესებს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ - ასე აღწერს სალომე ზურაბიშვილი „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი წერს: „ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში დაბრუნდა სამსახურში-ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას დასდევს, როდესაც ისინი გაურბიან ტერორს, მიზანში გყავს ამოღებული პოლიტიკოსები, მედია, ხელოვანები... ოპოზიციის ოფისების კარების შემტვრევა რეიდებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის მიზნით.“
საქართველოს პრეზიდენტი „პოლიციის უუნარობაზე“ საუბრობს.
„გაუსაძლისი საყურებელი, უდავო მტკიცებულება - და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან ურეაქციობა. მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩაში განხორციელებული სისასტიკისთვის და დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები,“ წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მიმდინარე პროტესტზეც ამახვილებს ყურადღებას.
„მე-10 დღე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება. ვერცერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამას დაიმახსოვრებს,“ წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.