მდინარაძე „TVპირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ის ამბობს, რომ თავდამსხმელები არ ყოფილან არც პოლიციის თანამშრომლები, არც სპეცრაზმელები და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და რომ თავდამსხმელები არიან ისინი, „ვისაც აწყობს არეულობა.“ მდინარაძე ამბობს, რომ „ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური, არამხოლოდ დასაგმობი.“


ამავე ჩართვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ „99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის.“

„მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ.


ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით გონია, რომ რაღაც ვითომ ან ოცნებისკენ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა, ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.


შედეგს გეტყვით ახლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ ძალადობა - ძალადობა, ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი.


ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიციირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს.


მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაც ისეთის გაკეთებულია, რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია, ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.


"TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.