შსს მედიასაშუალებებს მოუწოდებს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში იმოქმედებს, – ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცადა.
“ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.
ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.
ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა. როგორც მთავართან საუბარში ერთ-ერთმა მძევალმა თქვა, თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით.
"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან.
ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს.
მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო