ოპოზიციის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შედეგებს აფასებენ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ხვალ საღამოს ეცოდინებათ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს მოლაპარაკება, თუ "მოლაპარაკებობანას თამაში". მისი თქმით, 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლის დავით ბაქრაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მიღებულ 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტი განიხილეს.
„ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩვნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება.
„ლელოს“ დამფუძნებლის და ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო და ფიქრობს რომ სრული ურთიერთგაგება მოხდა.
„რაც ყველაზე მთავარია, ბატონი დანიელსონისგან არის ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა, არამარტო წლევანდელ ასპექტში და ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, არამედ, ის ძალიან ღრმად არის გათვიცნობიერებელი ჩვენი ქვეყნის წინა კრიზისებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავკეთოთ მომავალზე, იმიტომ რომ გამოსავალი არის მომავალში, ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“ მხრიდან, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს, აღქმული უნდა იყოს ეს პროცესი ისე, რომ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის მომავალ მშენებლობაში და ეს არის ახლა ჩვენი ყველას ფოკუსი, აქ არ უნდა იყოს დამარცხებული, ან გამარჯვებული. გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას, თუ ჩვენ მოვახერხებთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია და მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ქვეყანა დაიწყებს ნამდვილად ევროპული გზით ცხოვრებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს, ხაზარაძე განმატავს, რომ ამის ფიქრის საფუძველს, მას დღევანდელი შეხვედრა აძლევს.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რიგგარეშე არჩვენების გარშე, შეთანხმებას მიაღწიონ, ხაზარაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ჩვენ ამ კრიზისს ვერ დავძლევთ.
„ ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან. ქვეყანა არის გაჩერებული, ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისში, ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩვენები, ქვეყანას სჭირდება, კონკრეტული, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
„გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები არის ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობა.
„როდესაც ჩვენ ვიძახდით, მშვიდობაა დასამყარებელი მხარეებს შორის-მეთქი ეს იყო სასაცილო. დღეს ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოსული სტუმრები და ყველა. დაპირისპირების დასრულების გარეშე, თითოეული ის პუნქტი, რაზეც კითხვებს სვამთ, არარეალურია. ჯერ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, იმისთვის, რომ დაიწყო საუბარი, ამის საშუალება უნდა მოგეცეს“,-აცხადებს მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და 14 მარტამდე შხვედრებს გამართავს. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. ყველა მხარესთან განმეორებითი შეხვედრები გრძელდება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა მათი ამოცანების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ, ბუნებრივია დეტალებზე ან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა რაც არის, ამ ამოცანის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და შეხვედრებია“,- განაცხადა ბოკერიამ.
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია არის პლებისციტის ჩატარება.
„ამ შეხვედრიდან გამომდინარე შეუძლებელია მსჯელობა იმაზე „ქართული ოცნება“ რა პოზიციებზე იქნება. დღეს იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. დანიელსონმა ყველაფერი დეტალურად იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში. აინტერესებთ უბრალოდ ჩვენ როგორ ვხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს. დეტალებში ახლა არ წავალ. ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არის ჩამოსული და ჩართული არის ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ. დრო არის ძალიან ცოტა, ფაქტობრივად ორი დღე გვაქვს, რადგან ორშაბათს უკვე მიფრინავს. დღეს და ხვალ უნდა მოვასწროთ რაღაცაზე შეთანხმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.