ათეულობით სახელმწიფო რუსეთს მოუწოდებს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. 45 სახელმწიფო რუსი ოპოზიციონერის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევს და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებას მოითხოვენ.
ათეულობით ქვეყნის ერთობლივი განცხადება, ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოში პოლონეთის წარმომადგენელმა წაიკითხა.
მათი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ მიუღებელი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. განცხადებაში, შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავების გამო.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი და ყველა უკანონოდ ან თვითნებურად დაკავებული, მათ შორის ისინი, ვინც დააკავეს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფოების განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის და უკანონოდ დაკავების გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციებიც დაუწესა.