„მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „TVპირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს.
„ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.
როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,“ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო უკვე მეორე განცხადებაში მიუთითებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა.“
„დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.