ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, „აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.“ განცხადება სათაურით - „აშშ-ის მხარდაჭერა ქართველ ხალხს“, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.


ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს, ასევე სურვილს, საქართველო ვიხილოთ ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაფართოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.


ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, მათი კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები. მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი.


ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს - მათ შორის, ისინი ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - აგებენ პასუხს.


გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ აქამდე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად,“ წერია ბლინკენის განცხადებაში.


გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას.


აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას,“ - წერს მილერი.


ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს იყენებს. პროტესტის მონაწილეები ისვრიან სხვადასხვა საგანს და იყენებენ პიროტექნიკას. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“


5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.


უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“


  • „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.  


29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.