15 მარტიდან ფიტნეს ცენტრები გაიხსნება

ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს, როგორც აქამდე იყო დაანონსებული.

„დღეიდან შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ-მოლები, არასასურსათო ობიექტები და ბაზრობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ ობიექტებში. გარდა ამისა, შაბათ-კვირა არის ტრადიციულად შოპინგის დრო და ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გაზრდის როგორც ვაჭრობის სექტორის შემოსავლებს, ასევე ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ აუცილებელი ნივთები შევიძინოთ ჩვენთვის მისაღებ და სასურველ დროს. გარდა ამისა, ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებთან უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის თანახმად, დღეიდან მუშაობა განაახლეს არასასურსათო საცალო ვაჭრობის ობიექტებმა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, ხოლო სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.