საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყებიან

საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ ოფიციალური მონაცემები დღეს, 10 დეკემბერს, გამოაქვეყნა Facebook-ის გვერდზე.


10 დეკემბრის მდგომარეობით, 15 დაკავებულიდან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ.


იმის გამო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს, შუამავალ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის ინტერესთა სექცია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პირველ დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რაიმე კონკრეტული დეტალის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც.

„განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს," აღნიშნა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.