პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ცნობებს მასზე ძალადობასა და პარტიის დატოვებაზე, აბსურდული ცილისწამება და ტყუილი უწოდა. ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან აღნიშნა, რომ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი ხელწერა არ არის.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას საკუთარი წესები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს.
„მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გახსოვთ, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, მე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მე ასევე მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პროტესტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები.“
ღარიბაშვილის განცხადებით, „სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აარიდეს თავიდან ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.“
„ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, თავს როგორ ესხმოდნენ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს. როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ. დღეს იგივეა ფაქტობრივად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ.
ეს არის ყოვლად მიუღებელი. პოლიციელზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. მე მინდა, პირველ რიგში გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს. მათ ძალიან, მაგრად მართეს ეს პროცესები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აარიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.
საზოგადოებამ ასევე იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ. და მინდა, ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.
მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ყველა ასე ვთქვათ, კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სცდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი – მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ სურს, ხელისუფლებაში დარჩეს „ქართული ოცნება.“ ვის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია?! მით უმეტეს, გაყალბების არცერთი ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყლდა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არასამთვრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, რომელმაც საპატიმროში მოინახულა აქციის მონაწილეები, მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებენ.