დედაქალაქის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება.
კახა კალაძის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები.
„როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები.
რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები,“ - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგმება.
„მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი, საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან, ამისთვის ყველა პირობა შექმნილი იქნება. სამწუხაროდ, არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. ყველას გელოდებით შაბათს, 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და რაც მთავარია აუცილებლად თბილად ჩაიცვით,“ - აღნიშნა კალაძემ.