უკრაინის პრეზიდენტმაCBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია. ძალიან დიდი მსგავსებაა. საქართველოს ნაწილის (რუსეთის მიერ) ოკუპაცია მოხდა. მასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია და ასეთი ცივილიზაცია არ არსებობს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და NATO-ში მისი გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა.
„დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“.
„რა ძლიერი ზომები მიიღო ახლა აშშ-მ? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? გულწრფელად ვამბობ, რომ ამას ვერ ვხედავ. შეიძლება, მოლდოვაშიც იგივე მოხდეს, ამის მაღალი რისკები არსებობს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა