პრეზიდენტის განცხადებით, დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! - შესაბამისი პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა X-ზე განათავსა.

„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.


მანვე აღნიშნა, რომ თბილისში ნაძვის ხე პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული.“

„ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.


ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ.


ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.