საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი პაროდიად აქცია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საუბრობდა პარლამენტის მიერ ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე - პრეზიდენტის არჩევაზე. მანამდე, მან კახა კალაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა და ის ე.წ. მერად მოიხსენია. სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, რომელიც კახა კალაძის თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვით, „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს - ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.“
„დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ - ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა კალაძეს შესთავაზა, ორბელიანების სასახლესთან მოაწყოს ღონისძიება. პრეზიდენტის შეფასებით, თუ რამე მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს დაეკისრება.
„მე მინდა, გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა, მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, პაროდიაა, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება.
„მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია - ალბათ უფრო პაროდია, რადგან არალეგიტიმური პროცესი მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა და მან ასევე პაროდია უწოდა „ხალხის ძალის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას და “ოპოზიციაში გადასვლას.“
„ამას უკვე კავშირი არ ქვს რაიმე პოლიტიკურ პროცესთან, სახელმწიფო გაგვიხადეს პაროდიად. ეს ყველაფერი ჩვენთვის არის შეურაცხყმოფელი. ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა - ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი! მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები.
„ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, ეს არის არჩევნების გზა.
სამართლიანობის და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რაიმე პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ამისთვის აქ და სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ხელისუფლების ლეგიტიმური ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით.
როგორც კი დადგება დრო, რომ, როცა ვისაც, დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისათვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი გზა. ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებზე ერთადერთ, უკონკურენტო კანდიდატს უყრიან კენჭს - ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ ყოფილ ფეხბურთელსა და პარლამენტის წევრ მიხეილ ყაველაშვილს.
პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კოლეგიის შემადგენლობაში ფორმალურად ირიცხებიან, რადგან მათი მანდატები ჯერ კიდევ ძალაშია. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს, რადგან მათ პარლამენტში შესვლაზე მას შემდეგ განაცხადეს უარი, რაც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს. არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს პრეზიდენტიც.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.