თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გადაიდო. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ.
ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ მოვისმინეთ მუქარები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს, ეზეიმათ. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას," - განაცხადა კალაძემ.
ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ და ტერიტორია ერთგვარად შუაზე გაყვეს - ერთ მხარეს აქციის მონაწილეები იდგნენ, მეორე მხარეს კი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანები. „აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - ასე მიმართა მათ პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიდა.
„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით.“
ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა უპასუხა:
„არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და ბებია და არანაირი პროვოკაცია არ იქნება.“
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი ადამიანი.