თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ზომები ამოქმედდება

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ 50 დღეში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ კიევს დამატებით შეიარაღებას მიაწვდიან.


„როგორც პრეზიდენტმა ცხადად თქვა, 50 დღეში თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ შეთანხმებაზე, ძალიან დიდი ტარიფები და მეორადი სანქციები იქნება გამოყენებული. ასე რომ, ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან, ასევე, დასანქცირდებიან და ეს, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას,” - განაცხად ლევიტმა.

სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში შესაძლოა, მომავალ კვირაში გაიმართოს Patriot-ის ტიპის სისტემების მქონე ქვეყნების კონფერენცია.

თავის მხრივ, NATO-ს მეთაური ალექსუს გრინკევიჩი აცხადებს, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად გადაეცემა.