ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მანამდე, 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.


ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციალურ საკითხია.


„ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო პასუხი. როდესაც საუბარია პატიმრებზე, ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა პატიმარმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ასეთი კითხვები არ არსებობს და ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმებია, რაც სამწუხაროა.

რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას. ეს კანონები გამჭვირვალობის შესახებ არის, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, თუ ეს არ უნდათ, ეს გაუგებარია. მზად ვართ, ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი.


საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა დირექტივები მოსკოვიდან, თუ არ შესრულდებოდა, დაგსჯიდნენ. რისგან განსხვავდება მოსკოვისგან ბრიუსელი?! ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ შესაბამისობაშია ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, სტაბილურობა და განვითარება. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა.


თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაციაა.... გამჭვირვალობის კანონის მიღებას რომ გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გეუბნებიან, შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალას უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს მაგას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ მშვიდობას და სტაბილურობას ვირჩევთ, არ დავთმობთ!....


ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში, რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რასაც გვთავაზობენ მშვიდობა დაგვირღვიონ, სტაბილურობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. როდესაც ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არა ეგზისტენციალურს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურს,“ - აღნიშნა პრემიერმა.


რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოჰყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა.

„საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების [მექანიზმის] ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს.


მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს - უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა - ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა - როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.


ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია.


თუ ეს რაღაცები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა - ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს - ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს,” - განაცხადა კალასმა 15 ივლისს.