მედია: დიდი ბრიტანეთი განიხილავს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში

„დიდი ბრიტანეთის ექსპორტის ფინანსურმა სააგენტომ (UKEF) უკვე დაასრულა თავისი პირველი გარიგება აზერბაიჯანის ავიაციის სექტორში და ის ამჟამად სწავლობს პორტებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტებს ყაზახეთსა და საქართველოში,“ განაცხადა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის სპეცწარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში, ლორდთა პალატის წევრმა ჯონ ოლდერდაისმა, კასპიის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის საკითხებზე ლონდონში გამართულ კონფერენციაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.


მანვე აღნიშნა, რომ ლონდონის ინტერესი შუა დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ (სტრატეგიული მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან ყაზახეთის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს) სწრაფად იზრდება.

„შუა დერეფნის განვითარება პრიორიტეტი უნდა გახდეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მიმართულება უზარმაზარ ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის,“ — აღნიშნა ოლდერდისმა.

გარდა ამისა, ოლდერდისმა ხაზი გაუსვა სავაჭრო სტანდარტების ჰარმონიზაციას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ციფრულ პლატფორმებზე გადასვლას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, ამ დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 18.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მყარ ინფრასტრუქტურაში — პორტების გაფართოებაში, მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობაში.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ტვირთბრუნვა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს მოსალოდნელია 5.2 მილიონ ტონამდე ზრდა, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მარშრუტის მონაწილე ქვეყნებზე გაივლის.


მოსალოდნელია, რომ 2.5 მილიონი ტონა იქნება მშრალი ტვირთი (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა — ნავთობი. მარშრუტის საერთო გამტარიანობამ 2027 წლისთვის შეიძლება, 10 მილიონ ტონას მიაღწიოს.