აშშ-უკრაინის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მმართველი კომპანიის შერჩევა დაიწყო

აშშ იწყებს აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის მმართველი კომპანიის შერჩევას — ფონდი კრიტიკული რესურსებისა და თავდაცვითი პროექტების განვითარებას დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება. ეს ნაბიჯი ნაწილია რიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმების, რომელსაც აშშ-მა და უკრაინამ ხელი 30 აპრილს მოაწერეს.


ფონდის მმართველი კომპანიის საბოლოო შერჩევა ერთხმად გადაწყდება — პირველი საინვესტიციო პროექტები 2025 წლის ბოლოსკენ იგეგმება. აშშ-უკრაინის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მმართველ კომპანიას საბოლოოდ სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს. საბჭოში შედის ექვსი წარმომადგენელი — სამი უკრაინიდან და სამი აშშ-დან.


მმართველის შერჩევის ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს ფონდის პირველი საინვესტიციო პროექტებისთვის მზადებასთან პარალელურად. ინტერესი გამოაცხადეს რამდენიმე კანდიდატმა, ხოლო განაცხადების წარდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.


13 მაისს, ფონდმა ფორმალურად დაიწყო ფუნქციონირება მას შემდეგ, რაც მხარეებმა ორი კომერციული შეთანხმება გააფორმეს. ფონდი შექმნილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და უკრაინის საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს შორის პარტნიორობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ხელშეკრულებების შინაარსი ჯერ კიდევ კონფიდენციალურია, მხარეები თანდათან ამჟღავნებენ მათ ძირითად პირობებს.


ფონდის საწყისი კაპიტალი ჩამოყალიბდება შემდეგი წყაროებიდან:

  • უკრაინის მიერ გაცემულ ახალ საბადოებზე ლიცენზიებიდან მიღებული საკონცესიო მოსაკრებლების 50%

  • აშშ-ის მხრიდან პირდაპირი ფინანსური წვლილი

  • უკრაინის სტარტაპ-კაპიტალი

გარდა ამისა, ამჟამინდელი ამერიკული სამხედრო დახმარება კლასიფიცირებულია როგორც აშშ-ის პირობითი წვლილი ამ ფონდში.