პოლონეთმა ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და 48 საათის განმავლობაში პოლონეთის დატოვება მოსთხოვა.
პოლონეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 11 მარტს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პოლონეთს საკონსულოს ორი თანამშრომლის ბელორუსიდან გაძევების მოთხოვნის შესახებ.
"პოლონეთის მხრიდან „წრეგადასული, ასიმეტრიული და დესტრუქციული“ ნაბიჯების პასუხად, ბელორუსი 48 საათის განმავლობაში ქვეყნიდან გააძევებს ქალაქ გროდნოში მდებარე პოლონეთის საკონსულოს ორ თანამშრომელს", - აღნიშნული იყო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 28 თებერვალს ბრესტში გაიმართა ე.წ. წყეული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემი ცერემონია. ოფიციალური მინსკის განცხადებით აღნიშნული დანაყოფი ბელორუსის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარებს ებრძოდა და ბელორუსელ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა. ამიტომ მათთვის მიუღებელია მათი ხსოვნის დღის აღნიშვნა.
9 მარტს ბელორუსიდან გააძევეს ბრესტში პოლონეთის კონსული, იეჟი ტიმოფეიუკი, რომელიც თებერვალში გამართულ ხსოვნის ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას.
ბელარუსის ხელისუფლება პოლონეთს ასევე ადანაშაულებს თავის შიდა საქმეებში ჩერევასა და 9 აგვისტოს შემდეგ, ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში.
ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.