ამერიკამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის საქმის მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

სავიზო შეზღუდვები ასევე დაუწესდა მოსამართლის, ალექსანდრე მორაეშის ოჯახის წევრებს, მის მოკავშირეებს ბრაზილიის სასამართლო სისტემაში და მათი ოჯახების წევრებს.


„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაზე. ბრაზილიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის მხირიდან ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკურმა „კუდიანებზე ნადირობამ“ შექმნა იმდენად მასშტაბური დევნისა და ცენზურის სისტემა, რომ ის არამხოლოდ არღვევს ბრაზილიელების ძირითად უფლებებს, არამედ, ვრცელდება ბრაზილიის სანაპიროებს მიღმა და ამერიკელებსაც ესხმის თავს. ამიტომ, მე გავეცი ბრძანება მორაეშისა და მისი მოკავშირეებისთვის სასამართლოში, ასევე მათი ოჯახების წევრებისთვის ვიზების გაუქმების შესახე,ბ რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება,“ – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.


ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა. მოსამართლემ, ასევე, ბოლსონარუს აუკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება და კომუნიკაცია შვილთან, ბრაზილიელ კანონმდებელთან ედუარდო ბოლსონარუსთან, რომელიც მამის მხარდასაჭერად აშშ-ში, ასევე უცხოელ დიპლომატებთან ლობირებს. ბოლსონარუს, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2019-2022 წლებში იკავებდა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პასუხი მისი სასამართლო პროცესის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკაზე. 


ტრამპი ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის მიზანი ბოლსონარუსთვის ბრალის მოსახსნელად ბრაზილიის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებაა. თავის მხრივ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილია არის სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტებით და არავინ დგას კანონზე მაღლა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიურ პროდუქტებზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა და ბოლსონარუსადმი ბრაზილიის ხელისუფლების მოპყრობა გააკრიტიკა.