სამოქალაქო „თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე“, აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს,  „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემას მიმართოს. 

ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს და ყველა წერილს პასუხობენ, რომ გამოძიება გრძელდება.  


„სამწუხაროდ, რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია, ვიცით რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან რა მოხდა.


კითხვაა - რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა? ჩვენი თხოვნები და მოთხოვნები სრულიად ბუნებრივია - აღიარონ ამ ინციდენტისთვის ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, და კომპენსაცია გადაუხადონ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს და „აზერბაიჯანის ავიხაზებს” დაკარგული თვითმფრინავის ასანაზღაურებლად.


ამას არ დავივიწყებთ. რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება, დრო დასჭირდეს,“ აცხადებს ალიევი.

მანვე აღნიშნა, რომ მალაიზიური ბოინგის საქმეს 10 წელზე მეტი დასჭირდა.

„თუმცა სამართალი უნდა იყოს მიღწეული. ეს სიტუაცია არ უწყობს ხელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს,“ განაცხადა ილჰამ ალიევმა.


2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავი Embraer 190AR, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს, ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. კრემლის ცნობით, პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. მანამდე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.