იტალიამ პუტინის მომხრე დირიჟორის კონცერტი გააუქმა

იტალიაში, კონცერტის ორგანიზატორებმა, კრემლთან კავშირების გამო მზარდი კრიტიკის შემდეგ, რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის წარმოდგენა გააუქმეს. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს.


ვალერი გერგიევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება, დასავლეთისგან ფართოდ იზოლირებულია იმის გამო, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი არ დაგმო. 


27 ივლისს, ნეაპოლის მახლობლად მდებარე რეჯია დი კაზერტაში ჩასატარებელი კონცერტი, რომელიც „დაუვიწყარ სიმფონიად“ იყო დაანონსებული, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გაუქმდა. ANSA-ს ცნობით, კონცერტის შეწყვეტის მიზეზი საზოგადოების მზარდი პროტესტი გახდა.


ღონისძიების წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდნენ იტალიის კულტურის მინისტრი ალესანდრო ჯული და გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია. ორივე მათგანმა კონცერტის გამართვა კრემლის პროპაგანდის შესაძლო ინსტრუმენტად შეაფასა.

ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმაც მოუწოდა იტალიის ხელისუფლებას, ღონისძიება გაეუქმებინათ.

ამის ფონზე, კონცერტის წინააღმდეგ შექმნილ ონლაინ პეტიციას 16,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, იტყობინება ANSA.