გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან შეთანხმდა უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდებაზე. ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მხარეები უახლოეს დღეებში კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს ამ მიზნის მისაღწევად.
დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
„როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრები, ჩვენც უნდა ჩავერთოთ „50-დღიან კამპანიაში“, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე შეიარაღდეს და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 21 ივლისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრას ხელმძღვანელობენ.
14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებდა, თუ ის 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევდა.